თებერვალი დადგაო და ხეების არ ვიცით, მაგრამ ზინედინ ზიდანს „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რომ წყალი აქვს შეყენებული ესპანური მედია ხშირად წერს. ამის გამო თავად ზიზუც განრისხებულია და ჟურნალისტებს შეუტია.
„რეალი ესპანეთის ჩემპიონია, მოქმედი გამარჯვებული. ჩვენ ეს ტიტული ხომ შარშან მოვიპოვეთ და არა ვთქვათ 10-15 წლის წინ. ეს არაფერია? ხომ შეიძლება დააფასოთ, აღიაროთ და ამის გამო მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ.
დიახ, ახლა საუკეთესო პერიოდი არ გვიდგას, მაგრამ უსასრულოდ მწვერვალზე ყოფნა ძნელია. ფეხბურთში ასე არ ხდება. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებულნი. ყველა მატჩს ვერ მოიგებ. ხან წააგებ ან ფრეს ითამაშებ. რამდენჯერაც მოედანს გამარჯვებული ვერ ვტოვებთ, იმდენჯერ თქვენ, ჟურნალისტები მეკითხებით ვრჩები თუ მივდივარ. ვფიქრობ ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ.
არ ვიცი მომავალში რა იქნება, ახლა კი გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ. შესაძლოა გულშემატკივარს ეს უნდოდეს, მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. გუნდზე და მის შედეგებზე პასუხისმგებელი მე ვარ და ამას კარგად ვაანალიზებ“ – ამბობს ზინედინ ზიდანი.
შეგახსენებთ, სამეფო გუნდი მიმდინარე სეზონში, ამ ეტაპზე ლა-ლიგაში 40 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.





