19 წლის ალბანელმა ტალანტმა არმანდო ბროხამ “ჩელსისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტომას ტუხელის გუნდთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ბროხა “არისტოკრატების” აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია. ლურჯების მთავარ გუნდში მისი დებიუტი გასული წლის 8 მარტს ლივერპულის “ევერტონის” წინააღმდეგ შედგა. 2020 წლიდან დღემდე ალბანეთის ნაკრების ღირსებას იცავს და ეროვნულ გუნდში 6 მატჩიც აქვს ჩატარებული.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელი არნემის “ვიტესში” იჯარის წესით გამოდიოდა, სადაც 30 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.





