მადრიდის „რეალი“ შესაძლოა ლუკას ვასკესს შეელიოს. არა, სამეფო გუნდი ამის ინიციატორი ნამდვილად არ გახლავთ, პირიქით, ფლორენტინო პერესმა 29 წლის ესპანელ ფეხბურთელს ახალი, 3 წლიანი კონტრაქტიც შესთავაზა, თუმცა ვასკესი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
საქმე თანხაშია. „რეალმა“ ვასკესს განახლებულ ხელშეკრულებაში ხელფასის გრაფაში იგივე ციფრი დატოვა, რასაც ფეხბურთელი ახლა იღებს. ვასკესს კი ეს არ აკმაყოფილებს და ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. როგორც ჩანს, პერესს, ვასკესი გუნდისთვის იმდენად მნიშვნელოვან ფიგურად არ მიაჩნია, რომ მისი დატოვების სანაცვლოდ ხელფასის მომეტებას დათანხმდეს.
თავად ლუკას ვასკესიც გულდაწყვეტილია. ფეხბურთელი თვლის, რომ მას გუნდში სათანადოდ არ აფასებენ. ამიტომაც, ნუ გაგვიკვირდება თუ ის ამ ზაფხულს „რეალს“ დატოვებს. ვასკესს სამეფო გუნდთან კონტრაქტი სწორედ 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში ლუკას ვასკესმა ლა-ლიგის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.





