მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ საფიქრალი ჩემპიონთა ლიგა აღარ იქნება. ტურინელები მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე უნდა გადაერთონ, რადგან ევროპულ სარბიელზე მათ გზა „პორტუმ“ გადაუღობა.
1/8 ფინალის განმეორებითი დაპირისპირება დაძაბულთან ერთად დრამატულიც გამოდგა. „იუვენტუსმა“ სტუმად წაგების შემდეგ (1:2), შინ ზუსტად იდენტური ანგარიშით მოიგო და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. იქ კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს, რამაც მომდევნო ეტაპზე პორტუგალიური კლუბი გაიყვანა.
იმედგაცრუებულია „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო:
„მოვლენები სულ სხვა სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, მატჩის დებიუტში მორატას რომ გაეტანა, მაგრამ ეს ფეხბურთია. კარში ყველა დარტყმულს გოლად ვერ აქცევ. ამიტომაც არიან მეკარეები, რომ არ გაგატანინონ.
შემდეგ კი იყო პენალტი ჩვენ კარში. ასეთ მატჩებში გოლის გაშვება კი ვითარებას რადიკალურად ცვლის. ვიცოდით, რომ იოლი დაპირისპირება არ გველოდა. პორტუს სახით შეკრული და მოტივირებული მეტოქე გვყავდა.
ასეთია მწვრთნელის ცხოვრება და საქმიანობა. პირადად მე ეს პირველად დამემართა და მართლა ძალიან ცუდი შეგრძნება ყოფილა. ვეღარაფერს შევცვლით. შინაურ ასპარეზზე უნდა გადმოვერთოთ და სკუდეტოს შესანარჩუნებლად ბრძოლა გავაგრძელოთ“ – აღნიშნავს ანდრეა პირლო.





