ორლანდო მეჯიქის ფორვარდი აარონ გორდონი მალე დენვერ ნაგეთსის კალათბურთელი გახდება.
ESPN-ის ინსაიდერ ადრიან ვოჯნაროვსკის განცხადებით, კლუბები 25 წლის კალათბურთელის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. გორდონის დამატების პრეტენზია მინესოტას, ჰიუსტონს და ბოსტონს ჰქონდათ, თუმცა ყველას კოლორადოელებმა აჯობეს.
გარიგების ფარგლებში, მეჯიქი მცველებს გარი ჰარისსა და არ ჯეი ჰემპტონს, ასევე 2025 წლის დრაფტის პირველი რაუნდის არჩევანს მიიღებს. ხოლო გორდონის გარდა, დენვერში მძიმე ფორვარდი გარი კლარკიც წავა.
როგორც გაცნობეთ, მანამდე ორლანდომ ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი და მცველი აივან ფურნიე გაცვალა. როგორც ცნობილია კლუბი ხანგრძლივ რესტრუქტურიზაციას გეგმავს.
გორდონი ამ სეზონში საშუალოდ 14,6 ქულას, 6,6 მოხსნას და 4,2 შედეგიან გადაცემას ასრულებს, ხოლო სამქულიანს 37,5%-ით ისვრის. აარონი სეზონში დაახლოებით 18 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება.





