თბილისის „დინამოში“ მყოფი ლეგიონერებიდან თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი გამორჩეულიაო, უსათუოდ ვიქტორ მონხილზე. ესპანელი ლეგიონერი, გიორგი ნემსაძის გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურაა და შესაბამისად ძირითად შემადგენლობაშიც თამაშობს.
ვიქტორ მონხილმა ესპანურ გამოცემა AS-თან ისაუბრა და თბილისურ შთაბეჭდილებებზე საინტერესო კომენტარი მისცა.
„ქალაქის ქუჩებში სეირნობისას ბევრგან შეამჩნევთ შენობებს, რომლებიც გეგონება ეს-ესაა ჩამოიშლებაო. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს რუსეთთან ომი მოუხდა და ეტყობა, რომ ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ცხოვრებას.
ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ავტომობილებმა მიიქცია. თბილისის ქუჩებში დაინახავთ გაუმართავ ან საკმაოდ დაზიანებულ მანქანებს, რომლებიც სარკეების გარეშე მოძრაობენ. ქართველ მძღოლებს ეს დიდ დისკომფორტს არ უქმნის.
ვარჯიშებზე სიარულის და შემდეგ უკან სახლში დაბრუნების დროს შეიძლება გზაში შეშინდე“ – ამბობს ვიქტორ მონხილი.





