ევროპის ჩემპიონატი თავისთავად, მაგრამ ცხელი ზაფხული ალბათ სატრანსფერო ამბების კუთხითაც გველის, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ალბათ პორტუგალიელი სუპერვარსკვავის „რეალში“ დაბრუნება იქნება.
დიახ, არ გეჩვენებათ. კრიშტიანო რონალდუს „იუვენტუსში“ კალთებს დიდად აღარ ახევენ და ისიც ითქვა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი იტალიური გუნდისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში „ბებერი ქალბატონი“ რონალდუს შეელევა.
პოპულარული ესპანური გამოცემა Marca სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. ჰოდა, მათი მტკიცებით რონალდუსაც ტურინში დარჩენისკენ გული დიდად აღარ მიუწევს და წინადადების შემთხვევაში „რეალში“ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებაო.
ის, რომ კრიშტიანოსთვის მადრიდი და სამეფო გუნდი მშობლიურივითაა ორი აზრი არ არსებობს. რონალდუმ „რეალში“ 9 სეზონი გაატარა და გუნთან ერთად 15 ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.





