2 მაისს, UFC 260-ის ეგიდით ოქტაგონზე ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გავა. მისი მეტოქე ამერიკელი კოდი სტიმანი იქნება.
გულშემატკივარი ალბათ ამ ჩხუბს სულმოუთქმელად ელის. მერაბ დვალიშვილმა მისი ძალა არაერთხელ დაამტკიცა და იმედია იმედებს არც ამჯერად გააცრუებს.
გადაცემა „ტაიმაუტში“ მერაბ დვალიშვილი აშშ-დან ჩაერთო და მომავალ მეტოქეზე, მოლოდინებზე და მზადების პროცესზე ისაუბრა.
„საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მომიწევს დაპირისპირება. კოდი სტიმანი პირველ რიგში კარგი მოჭიდავეა. ის სხარტი და კარგად მოძრავია. მოკლედ რომ შევაფასო რთული ბრძოლა მელის.
ამ ბრძოლისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადო. ვაპირებ ლას-ვეგასში გავემგზავრო და იქ ვივარჯიშო. ნიუ-ორკში პანდემიის გამო ბევრი რამ შეზღუდულია, ლას-ვეგასში კი ამ მხრივ მეტ თავისუფლებაა.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ბრძოლას სრულ მზადყოფნაში შევხვდე და ქომაგები კიდევ ერთი გამარჯვებით გავახარო. თუ გავიმარჯვებ, რეიტინგშიც დავწინაურდები და სატიტულო ბრძოლას მივუახლოვდები. ეს კი პატარა ამბავი არ იქნება.
ამ ბრძოლაში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. შემდეგ ბევრი კარი გაიღება და გაცილებით მაღალრეიტინგიან მებრძოლებთან მექნება შესაძლებლობა ჩემი თავი გამოვცადო.
რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მე და გიგა ჭიკაძე ერთ დღეს ვიბრძოლებთ და იმედია ორივე წარმატებას მივაღწევთ“ – აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.





