ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბარსელონამ“ მართლაც ღირსეულად იბრძოლა და კერკეტ კაკალ „სევილიას“ ორი მატჩის ჯამში აჯობა. პირველი დაპირისპირების შემდეგ კატალონიელები რთული ამოცანის წინაში იდგნენ. მათ სევილიაში წაგებული 0:2 უნდა აღმოეფხვრათ.
საბოლოოდ, რონალდ კუმანის გუნდმა ეს შეძლო და ანდალუსიელებს 3:0 მოუგო. ეს გამარჯვება „ბარსელონასთვის“ სხვამხრივაც გამოდგა მნიშვნელოვანი. კატალონიური გრანდი ესპანეთის თასის ფინალში ბოლო 13 წლის მანძილზე, მეთაედ გავიდნენ, რაც ისტორიული შედეგია.
თავისთავად, მატჩის შედეგით კმაყოფილი იყო რონალდ კუმანი:
„ეს მოგება ნამდვილად დავიმსახურეთ. მთელი მატჩის მანძილზე ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ, ტყავიდან ამოძვრნენ და ღირსეულადაც გაიმარჯვეს.
ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დღეს, ორივე დაპირისპირებაში მეტოქეს ვჯობდით, თუმცა პირველ მატჩში არ გაგვიმართლა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გუნდის მილიონობით ქომაგს ზეიმის საფუძველი მივეცით.
ესპანეთის თასი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი ტურნირი არასოდეს ყოფილა. აქ წარმატებით თამაში ფეხბურთელობის დროსაც მახარებდა და ასეა ახლაც. როგორც მწვრთნელი, ფეხბურთელებს იმაზე მეტს ვეღარ მოვთხოვ, რაც მათ ამ მატჩში გაიღეს.
ბედნიერები ვართ, მაგრამ გაცილებით კარგი იქნებოდა გულშემატკივრებთან ერთად ზეიმი. წარმოდიგინეთ, ტრიბუნებზე რომ 90 ათასი მაყურებელი ყოფილიყო რა საოცარი განცდა იქნებოდა. იმედია, ფინალში გარკვეული რაოდენობის ხალხს მაინც დაუშვებენ“ – აღნიშნა რონალდ კუმანმა.





