ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვეტყვით, მაგრამ გვეეჭვება საქართველოში ფეხბურთის ასეთი ქომაგი მოიძებნებოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა 2023 წელს რუმინეთთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს.
შესაბამისად, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უქმად იჯდებიან და მოსამზადებელი ეტაპი არ უნდა გაიარონ.
ჰოდა, დაიგეგმა და თან როგორ. რამაზ სვანიძის გუნდი წლეულს 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს და შესაბამისად მეტოქეებიც უკვე ცნობილია.
29 მარტს, გორში ბელარუსის გუნდი გვეწვევა და ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ადვილი თამაში ნამდვილად არ ელით.
შემოდგომამდე ჩვენი 21 წლამდე ნაკრები პაუზას აიღებს და შემდეგ რუმინეთს ესტუმრება. როგორც თავში ვთქვით, 2023 წლის კონტინენტის პირველობის თანამასპინძლები სწორედ რუმინელები არიან და მათთან ჯახი წესით საინტერესო უნდა გამოდგეს.
ტკბილი ლუკმა კი ბოლოს. ნოემბერში საქართველოს და კერძოდ ბათუმს ინგლისის ვარსკვლავებით დახუნძლული ნაკრები ეწვევა. მატჩი 16 ნოემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალსაც სწორედ ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.








