საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე და ამჟამად, 20-წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილია მაისურაძე დარწმუნებულია, რომ რაგბის კავშირის პრეიზდენტობის კანდიდატი, სოსო ტყემალაძე ქართულ რაგბში არსებულ კრიზისს მოაგვარებს.
„მე მას დიდი ხანია ვიცნობ წესიერ, პროფესიონალ ადამიანად. სოსო ძლიერი მენეჯერია, რომელსაც რთული სიტუაციიდან გამოსვლა ეხერხება და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია“, – ამბობს ილია მაისურაძე.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის გამგეობამ განმეორებითი სხდომა 10 მარტს ჩანიშნა. არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე მიიღებს. მანამდე, პირველი ყრილობა 24 თებერვალს ჩატარდა, თუმცა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო დელეგატებმა პრეზიდენტი ვერ აირჩიეს.
უფრო ადრე, 2020 წლის 30 დეკემბერს „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 6 იანვარს საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დასახელდა. ირაკლი აბუსერიძე ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს.





