22 თებერველს, მონპელიეში მეტად წარმომადგენლობითი საჩოგბურთო ტურნირი იღებს სტარტს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. ადრეც გამცნეთ, რომ აღნიშნულ ტურნირზე ჩვენებურს მეცხრე განთესვა ექნება, ისე კი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-40 პოზიციაზეა.
მონპელიეში პირველ ნომრად ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტია განთესილი, მეორედ ბელგიელი დევიდ გოფინი. სპეციალისტებიც გამარჯვებას ამ ორიდენ ერთ-ერთს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ფავორიტობა იმას არ ნიშნავს, რომ ტურნირს უსათუოდ მოიგებ, მითუფრო რომ აღნიშნულ შეჯიბრში სათამაშოდ საკმაოდ მაღალი დონის ჩოგბურთელები მოიყრიან თავს. იტალიელი იანიკ სინერი, სერბი დუშან ლაიოვიჩი, ფრანგები ჟილ სიმონი და ჟო-ვილფრიდ ცონგა და სხვები. ბოლოს და ბოლოს, მონპელიეს კორტებზე ჩოგანს გაიქნევს ენდი მარიც.
წილისყრამ კი ნიკოლოზ ბასილაშვილს საწყის ეტაპზე გაუმართლა, რასაც ვერ ვიტყვით მომდევნო მეტოქეზე. პირველ წრეში, ჩვენებურს, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსული 4 ჩოგბურთელიდან ერთ-ერთი დაუპირისპირდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ტურნირის უმთავრეს ფავორიტთან, სწორედ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან მოუწევს ჭიდილი. ესპანელი ჩოგბურთელი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ერთვება.
როგორც თავში ვთქვით, მონპელიეს საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის 324 ათასი ევროა 22 თებერვალს დაიწყება, თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილს ალბათ კორტზე გასვლა მეორე დღეს მოუწევს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპი ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სრულდება და იქ გამარჯვებულებს სულის მოთქმის საშუალება უნდა მიეცეთ.







