სპორტის ბურთიან სახეობებში საქართველოს არაერთი ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორი ჰყავს, მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ, მედლებს ვინ დაეძებს, ოთხწლეულის ყველაზე გრანდიოზულ ფორუმზე მონაწილეობაც კი სანატრელი გვაქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, 1996 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საქართველომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით პირველად იასპარეზა, სათამაშო სახეობებში გუნდი არასდროს გვყოლია. ყველაზე ახლოს ამ მიზანთან თითქოს კალათბურთელთა ნაკრები იყო, თუმცა მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.
ადრე თუ გვიან ეს ალბათ მოხდება და ოლიმპიადაზეც რომელიმე გუნდურ სახეობაში წარვდგებით. ამის ისტორიული შანსი კი ამჯერად წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს აქვს.
14-21 თებერვალს, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში „ტოკიო 2020“-ის სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, რომელშიც 12 ნაკრები და მათ შორის საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ეს უფლება, ქართველმა წყალბურთელებმა შარშან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს, როდესაც მეათე ადგილზე გავიდნენ და როტერდამის სალიცენზიო შეჯიბრის საგზური გაინაღდეს.
როტერდამში, 12 გუნდი ორ 6 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდება. საქართველოს ნაკრებს წილისყრამ საბერძნეთის, მონტენეგროს, თურქეთის, ბრაზილიის და კანადის გუნდები არგუნა. ჯგუფიდან 4-4 გუნდი გავა, რომლებიც ტოკიოს საგზურისთის ბრძოლას პლეიოფის სისტემით გააგრძელებს, საუკეთესო სამეული კი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას დაისაკუთრებს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის სასტარტო მატჩს 14 თებერვალს საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს, რომელიც თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.





