მართალია, ავსტრალიის ღია პირველობას ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე დაემშვიდობა, მაგრამ მელბურნს ერთი ქართველი ჩოგბურთელი კიდევ შემორჩა. უფრო სწორად, ის ჯერ ტურნირში არ ჩართულა და იმედია, როდესაც ეს მოხდება, რაც შეიძლება შორს გასვლას მოახერხებს.
ოქსანა კალაშნიკოვაზე მოგახსენებთ, რომელიც უკვე საკმაო ხანია წყვილის ჩოგბურთელად ჩამოყალიბდა და ერთეულთა თანრიგში იშვიათად ასპარეზობს. წყვილთა შორის კი ის საკმაოდ ყოჩაღადაც გამოიყურება და დიდ სლემებსა თუ სხვა სერიოზულ ტურნირებზე ხშირად მონაწილეობს.
ავსტრალიის ღია პირველობაზე კი ოქსანა კალაშნიკოვა კორტზე ფრანგ გარსია-პერესს შეუწყვილდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ წილისყრაში დიდად არ გაუმართლად. სასტარტო დაპირისპირება ქართულ-ფრანგულ დუეტს საკმაოდ გამოცდილ ჩოგბურთელებთან, კირსტენ ფლიპკენსთან და ანდრეა კლეპაჩთან მოუწევს.
ფლიპკენსიც და კლეპაჩიც პროფესიონალურ დონეზე დიდი ხანია თამაშობენ და არც ისე შორეულ წარსულში ერთეულთა თანრიგშიც არაერთი ტოპ ჩოგბურთელი გაუმწარებიათ. მელბურნში, ბელგიურ-სლოვენიური წყვილი მეოთზე ნომრად არიან განთესილნი, რაც უკვე მიუთითებს, რომ ფავორიტებადაც ისინი მიიჩნევიან, თუმცა ჩოგბურთში სენსაციები უცხო ხილი არ არის და ვნახოთ, იქნებ კალაშნიკოვამ მეწყვილესთან ერთად სასიამოვნო სიურპრიზიც შემოგვთავაზოს.





