ანდრე სილვა საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლის მიმართაც ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს. ამჟამად, პორტუგალიელი ფორვარდი ფრანქფურტის „აინტრახტის“ ღირსებას იცავს და საკმაოდ წარმატებითაც. თავად განსაჯეთ – სილვას ანგარიშზე, მიმდინარე სეზონში 19 მატჩში უკვე 17 გატანილი გოლია.
ამიტომაც, არავის უკვირს თუ პორტუგალიელი შემტევის გადაბირება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს. მათ შორის კი ყველაზე მეტად „ატლეტიკო“ აქტიურობს. მადრიდული გუნდი ამ ბრძოლაში დაწინაურდა კიდეც და როგორც პოპულარული გერმანული გამოცემა Bild ირწმუნება, ამ ზაფხულს სილვა ბუნდესლიგიდან ესპანეთს მიაშურებს.
მადრიდელებს ანდრე სილვას გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. ისე, გერმანული მედია იქვე წერს, რომ შესაძლოა გარიგება ვერც ზაფხულში შედგეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „აინტრახტი“ სილვას სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვს.
ცნობილი საფეხბურთო აგენტის ჟორჟე მენდეშის თქმით, რომელიც პორტუგალიელი ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს ანდრე სილვას მსუყე შემოთავაზება პრემიერლიგის „ვულვერჰემპტონიდან“ და კიდევ ერთი გერმანული გრანდიდან აქვს, თუმცა გვეეჭვება პორტუგალიელმა ფორვარდმა „ატლეტიკოს“ საშუალო დონის ინგლისური გუნდი ამჯობინოს.





