ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯობის თქმა ვერ მოასწრო, რომ მელბურნის ტურნირს უკვე დაემშვიდობა. არადა, ქართველი ჩოგბურთელი განთესილთა შორის იყო და პირველ წრეში ისვენებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეორე ეტაპზე მეტოქეც შედარებით სუსტი უნდა ჰყოლოდა.
მოვლენები ასეც განვითარდა. ბასილაშვილს ბევრისთვის უცნობი მოწინააღმდეგე ერგო – მარიო ვილელა მარტინესი. დაგვეთანხმებით, რომ ჩოგბურთის მოყვარულთ ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს ეუბნება და ჩვენებურსაც წესით დიდი ჯაფა არ უნდა დადგომოდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა თავად ესპანელი მეჩოგნე. სამწუხაროდ, ეს ის ძველი ბასილაშვილი აღარ არის ქართველ ქომაგებს რომ ხშირად ახარებდა და მრისხანე მეტოქეებს ტოლს არაფერში უდებდა.
ქართველი ჩოგბურთელი შარშანს მერე რეგრესს განიცდის და ოპტიმალურ ფორმას ვერა და ვერ იბრუნებს. მან 2021 წლის სეზონი ანტალიის ტურნირით დაიწყო და იქ ორ გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო, მელბურნის მნიშვნელოვან ტურნირს კი სულაც სასტარტო მატჩში დაემშვიდობა. მარიო ვილელა მარტინესმა, რომელიც რეიტინგის 188-ე ჩოგანია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ორ სეტში – 7:5, 6:3 აჯობა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 8 თებერვლიდან ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაერთვება და იმედია უკეთეს შედეგს დააფიქსირებს.




