პრემიერლიგის მორიგ ტურში ლონდონის „არსენალმა“ გასვლაზე „ვულვზისგან“ 2:1 მარცხი იწვნია. წაგება აბა ვის სიამოვნებს და გამონაკლისი რა თქმა უნდა არც „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი ყოფილა.
მიქელ არტეტა მსაჯებზეც ბრაზობს. „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი წაგებას მათ აბრალებს. საუბარია დავიდ ლუისის გაძევებაზე და პენალტზე, რამაც „ვულვზს“ გამარჯვება მოუტანა.
„იმ ეპიზოდის გამეორება რამდენჯერმე ვნახე და ვერანაირი კონტაქტი ვერ შევნიშნე. მსაჯებზე ყურადღების გამახვილება არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლი. მინდოდა არბიტრისგან დასაბუთებული ახსნა მომესმინა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ მოხდა. დავიდ ლუისი წესებს არ არღვევდა.
მარცხი ყოველთვის საწყენია, მაგრამ ასეთი წაგება ორმაგად მტკივნეულია. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ტაიმში ემოციებმა იმძლავრა. ალბათ იმიტომ, რომ მატჩის მოგება და 3 ქულის მოპოვება ძალიან გვინდოდა. პრემიერლიგაში მარტივ გამარჯვებას ვერავინ იზეიმებს. ჩვენც რთულ მატჩს ველოდით და საბოლოოდ ასეც გამოვიდა, მაგრამ არბიტრმა შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონია“ – ამბობს მიქელ არტეტა.





