რაღა დარჩა. 2021 წლის პირველ ოფიციალურ მატჩამდე ორ თვეზე ნაკლებია, საქართველოს ნაკრები კი კვლავ უთავო მხედარივითაა. 25 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება და ჯვაროსნებს სკანდინავიაში, შვედეთის წინააღმდეგ ურთულესი დაპირისპირება ელის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დროებითი მწვრთნელის ვარიანტსაც არ გამორიცხავ. ამას წინათ, დავით მუჯირმა განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობასაც უშვებენ. გადაცემაში „სპორტი იმედზე“, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ყოველდღიურად მუშაობენ, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია.
„ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურის შერჩევისას ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ეს მეტად ფაქიზი და სენსიტიური საკითხია. დღევანდელ ვითარებაში, იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ევროპაშია მწვრთნელის შერჩევა ადვილი არ არის.
არცერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ. მოლაპარაკებებს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მწვრთნელებთან ვაწარმოებთ. კი, ყველას გვინდა ნაკრებს თავკაცი რაც შეიძლება სწრაფად ჰყავდეს, მაგრამ აჩქარებაც არ გვარგებს. ამით შესაძლოა საქმე უფრო გაფუჭდეს.
მთავარ მწვრთნელს გრძელვადიანი პექრსპექტივით ვეძებთ. ევროპის ჩემპიონატამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. იგივე გზის გავლა კიდევ მოგვიწევს“ – აღნიშნა დავით მუჯირმა.





