სასიხარულო ამბავი სპორტის და განსაკუთრებით ჩოგბურთის მოყვარულთათვის. სამეფო სპორტს, მისი უდიდებულესობა, მაყურებელი უბრუნდება.
ATP-ის და WTA-ს ტურნირები უკვე თითქმის წელიწადია ცარიელი ტრიბუნების თანხლებით იმართება. ასე იყო, შარშანდელი ამერიკის ღია პირველობაც, რომელიც დომინიკ ტიმმა მოიგო.
ვიქტორიის შტატის სპორტის მინისტრის თქმით, 2021 წლის პირველ დიდ სლემზე, საწყის 7 დღეში 30 ათასი მაყურებლის შეშვება იგეგმება. ნაკადს დილის და საღამოს სესიებზე გადაანაწილებენ. მეოთხედფინალებიდან კი ყოველდღიურად 25 ათასი ადამიანის დამატება მოხდება.
ჯამში, ორი კვირის მანძილზე ანუ ავსტრალიის ღია პირველობის დასრულებამდე ტურნირს 390 ათასი ადამიანი დაესწრება.
„ჩოგბურთი მაყურებლის გარეშე არაფერია. ეს ისედაც ნათელი იყო. გადავწყვიტეთ, წლევანდელი დიდი სლემი ჩუმი არ ყოფილიყო და გარკვეული რაოდენობის გულშემატკივრები ტრიბუნებზე შევუშვათ. ჯამში 390 ათასი ბილეთი გაიყიდება. ეს ნახევარია იმისა, რასაც ტრადიციულად ავსტრალიის ღია პირველობას ესწრება, თუმცა სულ არაფერს ნამდვილად ჯობს“ – ამბობს ვიქტორიის შტატის სპორტის მინისტრი მარტინა პაკულუ.





