მელბურნი და ჩოგბურთელთა იქაური კარანტინი განსჯის საგანი კიდევ დიდხანს იქნება. დიდი ალბათობით, 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგაც, რომლის ჩემპიონიც 21 თებერვალს გამოვლინდება, საჩოგბურთო სამყარო ტურნირამდე განვითარებულ მოვლენებს არაერთხელ შეაფასებს. იქნება აზრთა სხვადასხვაობაც.
რამდენიმე ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაცია მწვანე კონტინენტზე საპროტესტო ნოტებს უკვე აგზავნის. ჯერ იყო და საორგანიზაციო კომიტეტს ესპანეთის ჩოგბურთის ხელმძღვანელები გაუწყრნენ, ახლა კი ხელი არგენტინის ასოციაციამაც გამოიღო.
„ჩვენ კარგად გვესმის ავსტრალიის მთავრობის და მათ მიერ მიღებული პრევენციის ზომების, მაგრამ მეორეს მხრივ კარანტინის პირობები უნდა გადაიხედოს და სპორტსმენებს მეტი პატივისცემით მოექცნენ.
ჩოგბურთელთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას პატივი უნდა სცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ტურნირს სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდებიან“ – ნათქვამია არგენტინის ჩოგბურთის ასოციაციის განცხადებაში.





