ჰოკეის თავგადაკლული ქომაგობა სულაც არ არის საჭირო ტომი სალოს შესახებ რომ იცოდე. ის, წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების გამორჩეული ჰოკეისტი იყო და არაერთ სერიოზულ ტიტულსაც მოუყარა თავი.
შვედი მეკარე, 1994 წლის ოლიმპიური და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. ის წლების მანძილზე იცავდა „ნიუ იორკ აილენდერსის“ და „ედმონტონის“ კარს. მსოფლიო ჩემპიონობის გარდა, მან ოთხჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და ორჯერ მონაწილეობდა NHL-ის ყველა ვარსკვლავთა მატჩში.
ტომი სალომ კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა, მაგრამ ამჯერად საყოველთაო ყურადღების ცენტრში არა სპორტული, არამედ სხვა, უსიამოვნო კუთხით მოხვდა.
გამოჩენილ შვედ ჰოკეისტს 2 თვით გისოსებს მიღმა მოუწევს ყოფნა. მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაა. ის შვედეთის ქალაქ კეპინგში, პოლიციამ საკუთარ მანქანაში მძინარე იპოვა, მას შემდეგ რაც გზის სავალ ნაწილზე ჯებირს შეეჯახა.
ტომი სალოს დაზიანება არ მიუღია და ამ ინციდენტის დროს საბედნიეროდ არც სხვა დაზარალდა. მცირე ავარიის შემდეგ, მან ხვრინვა ამოუშვა, გზაზე კი საცობი შეიქმნა. პოლიციამ, სალოს სისხლში დაშვებულზე 15-ჯერ მეტი ალკოჰოლის დოზა აღმოაჩინა.
ყოფილი შვედი ჰოკეისტის ადვოკატი თვლის, რომ სასჯელი მკაცრი და არაადეკვატურია. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. სალო იმდენად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რომ არაფერი ახსოვს იმ საღამოს რა მოხდა.



