უკრაინის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, ოლეკსანდრ ზინჩენკო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და რუსეთს საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებს.
„მთელი ცივილიზებული სამყარო შეშფოთებულია ჩემს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით. არ შემიძლია ჩრდილში დავდგე. მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ფოტოზე ჩემი ქვეყანაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ქვეყანა, რომლის ფერებსაც ვიცავ საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყანა, რომლის განდიდებასა და განვითარებას ვცდილობთ, ქვეყანა, რომლის საზღვრებიც ხელშეუხებელი უნდა დარჩეს. ჩემი ქვეყანა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის და ვერასდროს ვერავინ მიითვისებს. ჩვენ არ დავნებდებით, დიდება უკრაინას!“, – წერს ზინჩენკო.
View this post on Instagram
აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ფეხბურთელმა ვლადიმერ პუტინის ფოტოც ატვირთა, წარწერით – „იმედი მაქვს, ყველაზე მძიმე წამებით მოკვდები, რაც კი არსებობს, არარაობავ!“, თუმცა სურათი Instagram-მა მალევე წაუშალა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას ომი ოფიციალურად ჩვენი დროით გამთენიისას, 07:00 საათიდან გამოუცხადა. მთელი დღის განმავლობაში რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია 40-მდე უკრაინელი სამხედრო, დაშავებულთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულს აღწევს.





