საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 5-6 თებერვალს ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე 6 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ლაშა გუჯეჯიანის არჩეული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი
90 კგ – ლუკა მაისურაძე; ბექა ღვინიაშვილი.
თავდაპირველად, ტურნირზე 13 ქართველ ძიუდოისტს უნდა ეასპარეზა, თუმცა თემურ ნოზაძე, ბაგრატ ნინიაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი, ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი კორონავირუსის გამო შეჯიბრებიდან ჩაეხსნენ.
ჯაბა პაპინაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, 1/8 ფინალში კი მისი მეტოქე განელი სპორტსმენი იქნება. წარმატების შემთხვევაში დიდი ალბათობით, ჯაბას მეტოქე 1/4 ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე იქნება.
ვაჟა მარგველაშვილი ჯაბას მსგავსად პირველ წრეში დაისვენებს, 1/8 ფინალში კი მისი მეტოქე ანგოლელი სპორტსმენი იქნება. წარმატების შემთხვევაში 28 წლის სპორტსმენის მოწინააღმდეგე დიდი ალბათობით, მასპინძელი ვალიდ ხიარი იქნება.
ლაშა შავდათუაშვილი ტურნირზე პირველად ნომრად განთესილი გახლავთ, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქე 1/8 ფინალში ელზან იეჰონათანსა და ჟული სეზარ კოდას შორის გაირკვევა. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში დიდი ალბათობით, ლაშას მეტოქე ნახევარფინალში რუსტამ ორუჯოვი იქნება.
ტატო გრიგალაშვილი ლაშას მსგავსად, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი გახლავთ. ახალგაზრდა ძიუდოისტის მოწინააღმდეგე 1/8 ფინალში პოლონელ და ფრანგ სპორტსმენებს შორის გაირკვევა. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ტატოს მეტოქე ნახევარფინალში დიდი ალბათობით, ბელგიელი სამი ჩოუჩი იქნება.
ბექა ღვინიაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, 1/8 ფინალში კი მისი მეტოქე კონგოელ და ფრანგ სპორტსმენებს შორის გაირკვევა. წარმატების შემთხვევაში ბექას მეტოქე ნახევარფინალში დიდი ალბათობით, მამადალი მეჰდიევი ან მიხაელ ზგანკი იქნება.
ლუკა მაისურაძე ასპარეზობას 1/8 ფინალში დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ფრანგ და ბულგარელ სპორტსმენს შორის გამარჯვებული იქნება. წარმატების შემთხვევაში ლუკას მოწინააღმდეგე დიდი ალბათობით, დავლატ ბობონოვი იქნება.
ლუკა მასიურაძის და ბექა ღვინიაშვილის გზები ფინალამდე არ იკვეთება. ასე, რომ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალის ხილვის შანსი ძალიან დიდია.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ხვალ ტურნირზე ჯაბა პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებენ.





