საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ესპანეთთან გამართა. გრონინგენში ჩატარებულმა შეხვედრამ ჯგუფის გამარჯვებული გამოავლინა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან 0:8 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა.
“ეს შედეგი ჩემთვის მიუღებელია. ვგულისხმობ ანგარიშს, რადგან ცხრილში რომ ჩავიხედოთ, 6 ქულა და ჯგუფში მეორე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპისთვის ძალიან მაგარი შედეგია. მიუხედავად დღევანდელი დღისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვამაყობ ჩემი ბიჭებით.
თამაშამდე ვთქვი, რომ ცალი თვალი მეოთხედფინალისკენ უნდა გვქონოდა. დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფ მოთამაშეებს ყვითელი ბარათები რომ მიეღოთ, ძალიან ცუდი იქნებოდა, რადგან მთელი ძალები მეოთხედფინალში უნდა დავხარჯოთ. ეს ისტორიული თამაში იქნება ჩვენთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელ მარცხს მალე დავივიწყებთ.
მოვსინჯეთ თამაშში ელისანდროს ჩართვა, თუმცა ვერ იყო 100 პროცენტით მზად და აღარ გავრისკეთ. მიკრო ტრავმა ჰქონდა კუპატაძეს და შეცვლა თავად მოითხოვა. ამ შემთხვევაშიც ვერ გავრისკავდით.
მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქულა აგვეღო, მაგრამ გამოჩნდა, რომ ასეთი დონის ნაკრებთან არ ვიყავით მზად მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე. უბრალოდ, ძალიან საწყენია და გულზე გვხვდება ყველას ეს ანგარიში და მზად ვარ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო”, – განაცხადა ასათიანმა.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს, D ჯგუფში ექვსი ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
მეოთხედფინალში ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი, რუსეთის ნაკრები იქნება. ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი მოიგო. საქართველოს და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა პირველ თებერვალს, ამსტერდამში, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.




