“დინამო თბილისმა” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდი ამჯერად სერბული სუპერლიგის მეხუთე ადგილოსანს – კრუშავეცის “ნაპრედაკს” დაუპირისპირდა.
შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-8 წუთზე სერბებმა გახსნეს, “დინამოელთა” მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშით სრდიან კოჩიჩმა ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა პირველივე წუთებში ორი ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. გაშვებული გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. შეტევებმა შედეგი 43-ე წუთზე გამოიღო, გიორგი გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებთან მოიპოვა ბურთი და მახვილი კუთხიდან გაიტანა.
მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი დიდ არ შეცვლილა, ინიციატივას “დინამო” ფლობდა, მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.





