რუსულმა სააგენტო Sport24-მა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში მოთამაშე 10 გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თუ არა, 2022 წელს მაინც შეიცვლიან. სიაში „რუბინის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
სააგენტომ ქართველ ფეხბურთელს სტატიაც მიუძღვნა და აღნიშნა, რომ რუსეთის ჩემპიონატში დარჩენის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს ხასიათი აშკარად გაუფუჭდა.
„ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე კაშკაშა მოთამაშედ მიიჩნეოდა. საუბრობდნენ მის მიმართ ევროპული ტოპ კლუბების ინტერესზეც. აქ დარჩენით კი მას ხასიათი აშკარად გაუფუჭდა. ხვიჩა დრიბლინგით ისევ საუკეთესოებშია, მაგრამ გასულ სეზონში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, რაც მას უბრალოდ არ ეკადრება. ყაზანის „რუბინს“, ხვიჩასთან შემდგომი თანამშრომლობა სიკეთეს არ მოუტანს. კვარაცხელია ყაზანს, ალბათ ზაფხულში მაინც დატოვებს და რომელიმე ევროპულ გუნდში წავა“, – წერს რუსული გამოცემა.
ხვიჩამ გასულ სეზონში, ყაზანის „რუბინის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.





