31 წლის ქართველი ნახევარმცველი, ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი გახდა. ქართველი ფეხბურთელის „ლევადია“ გადამწყვეტ შეხვედრაში „ფლორას“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. „ფლორა“ ტალინური გუნდის უშუალო კონკურენტი იყო. ბოლო ტურამდე „ლევადია“ მეტოქეს 1 ქულით უსწრებდა და ჩემპიონობისთვის ტალინელებს ფრეც ჰყოფნიდათ.
რაც შეეხება ბეგლარიშვილს, ქართველი ფეხბურთელისთვის 2021 წლის სეზონი გამორჩეული იყო. 31 წლის ნახევარმცველმა „ლევადიას“ შემადგენლობაში ჩატარებულ 32 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. სამწუხაროდ, ზაქარიას ბომბარდირობამდე მხოლოდ 2 გოლი დააკლდა და მეორე ადგილს დასჯერდა.
ქართველი ფეხბურთელის გამორჩეული თამაში არ გამოპარვია ადგილობრივ მედიას. ერთ-ერთმა სააგენტომ ბეგლარიშვილს „ლევადიას“ მამოძრავებელი ძალა და არქიტექტორიც უწოდა:
„ზაქარია ბეგლარიშვილი ჩემპიონი გუნდის, „ლევადიას“ არქიტექტორია. 32 შეხვედრაში მან 24 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფინეთიდან დაბრუნდა და დღემდე ესტონეთში მაღალ დონეზე თამაშობს“, – წერს Estonian Football.
საბოლოო ჯამში, ტალინის „ლევადიამ“ სეზონი 78 ქულით დაასრულა, მეორე ადგილოსანმა „ფლორამ“ კი 77 ქულა დააგროვა.

