ფრანგული “როდეზის” ქართველ ფეხბურთელს 32 წლის ამირან სანაიას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა პიერ ოლივიე მურამ დაადასტურა.
“ეს ამბავი ამ კვირაში შევიტყვეთ. პირველი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მომდევნოს შემდეგ კვირაში ტულუზში გაივლის. კლუბი მას დაეხმარება, რითაც საჭირო იქნება. ჩვენ ყველანი მასთან ვიქნებით, მის ოჯახთან ერთად. თავისი მეომარი ხასიათით ის უფრო ძლიერი დაბრუნდება”, – ამბობს “როდეზის” პრეზიდენტი.
ამირან სანაიას კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთში აქვს გატარებული, სადაც “ლე მანის”, “ბასტიას”, “ლუზენაკის”, ‘პარიზისა” და “ლე ერბიეს” ღირსებას იცავდა, 2017 წლიდან “როდეზის” შემადგენლობაში თამაშობს.
ცნობისთვის, ამირანი “ზესტაფონის” რიგებშიც ირიცხებოდა.
სანაიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, მას დებიუტი 2007 წელს ყატართან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა. მან ეროვნულ გუნდში ჯამში 6 მატჩი ჩაატარა.



