საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრის გამართვამდე, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ხვალ არის მატჩი, რომელშიც ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ყველას, ვინც წინა მატჩები ვერ ითამაშა. უნდა ვნახოთ ყველა ის მოთამაშე, ვინც ჩვენ მოვიწვიეთ. იქნება კიდევ ერთი დებიუტანტი. თამაშს მიტკო დაიწყებს. ის ჩემსავით პლოვდივიდანაა და ვიმედოვნებ, რომ ჩემს ნდობას გაამართლებს. ამ მატჩში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიზრდებით და ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ.
ამ შეხვედრაში ფეხბურთელებს დაძაბულობა მოეხსნებათ, რადგან ამხანაგური მატჩია. საქართველოს ასევე ჰყავს კარგი ფეხბურთელები. მათ რიგებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ. იმედია, ჩვენს სახეს კარგად ვაჩვენებთ.
დაცვაში ოთხი ფეხბურთელი ითამაშებს, მაგრამ სამი ცვლილება იქნება. შეიცვლება ორი ნახევარმცველი და შეტევის სამი ფეხბურთელი. მეკარის ამბავს ხვალ შეიტყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სულ ცხრა ცვლილება იქნება.
ვარჯიშზე დავაკვირდები მოთამაშეებს და ვნახავთ, ვინ როგორ მდგომარეობაშია. ნასკო ილიევი ჩვენთანაა, ისევე როგორც ნიკი მიხაილოვი და გავარკვევთ, თამაში თუ შეუძლიათ. მიტკო ილიევი სასტარტოში იქნება, მაგრამ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი ცენტრფორვარდი – კალოიან კრასტევი. საბოლოოდ, შანსს ყველას მივცემთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კარგი განწყობა. ოფიციალურ მატჩებში დაძაბულობა უფრო დიდია. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ უმაღლეს დონეს მივუახლოვდეთ“, – ციტირებს პეტროვის სიტყვებს 1TV.GE.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა 8 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.




