ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ მერვე ოლიმპიური მედალი გაინაღდა!
თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირზე 125კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა ნახევარფინალში ირანელი ამირ ჰუსეინ ზარე 6:3 დაამარცხა და ფინალურ დაპირისპირებაში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ქართველი ფალავანი ახლა უკვე ოქროს მედალს შეუტევს.
ოლიმპიური ჩემპიონის გამოსავლენ ორთაბრძოლაში გენოს მეტოქე ამერიკელი გებლი სტივესონი იქნება, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად ასპარეზობას მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული გამოთიშა. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება
შესაბამისად, უკვე გარანტირებულად საქართველოს ტოკიო 2020-ზე 8 მედალი ექნება. ქართველი მოჭიდავის შემთხვევაში გასარკვევია მხოლოდ მედლის ხარისხი – ოქრო, თუ ვერცხლი. რაც შეეხება დანარჩენი სპორტსმენების მონაგარს, შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდნენ. ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედალია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას ანგარიშზეც, ბრინჯაოს პრიზიორი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა.





