საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ჩვენმა ფალავნება დღეს კუდოკანის დარბაზში ნახევარი შემადგენლობით ივარჯიშეს.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოისტების მზადების პროცესზე ისაუბრა:
„კენჭისყრის შედეგები გარკვეულწილად ვიცოდით რეიტინგში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და დიდად არც გაგკვირვებია. ეს ოლიმპიადაა და თუ წარმატებაზე ფიქრობ მაშინ მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად. ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო თითოეულ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის. საერთოდ კი ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები გვყავს, რომელიც ძლიერი ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული აბსოლუტურად ყველა წონაში და, რა თქმა უნდა, იმედიანად ვართ განწყობილები. ოლიმპიადაზე ყველას წარმატება მინდა ვუსურვო და არამარტო ძიუდოისტებს. ხვალ იწყებს ასპარეზობას სანდრო ბაზაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბევრი სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვუსურვებ“, – განაცხადა „ლიპომ“.
შეგახსენებთ, რომ „ტოკიო 2020“-ის საშეჯიბრო დღე ხვალიდან დაიწყება. ძიუდოისტებიდან საქართველოს სახელით პირველი ვინც იჭიდავებს ლუხუმ ჩხვიმიანი იქნება. 28 წლის სპორტსმენი ქართული დელეგაციისთვის პირველი მედლის მოპოვებას 60 კგ წონით კატეგორიაში ეცდება.





