ჩოგბურთის ქომაგებს საქმე მოსაწყენად ნამდვილად არ აქვთ. უიმბლდონის დასრულებისთანავე სტარტს ჰამბურგის მეტად პრესტიჟული ტურნირი იღებს სტარტს, რომელიც 12 ივლისს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს.
ჰამბურგის შეჯიბრი 500-იანი კატეგორიის გახლავთ, გრუნტის საფარზე იმართება და ის საჩოგბურთო სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იქ ჩასვლას არაერთი ტოპ ჩოგბურთელი არ თაკილობს და ასე იქნება ამჯერადაც.
ცხადია, ჰამბურგში ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომლისთვისაც იქაურობა კარგად არის ნაცნობი და ტკბილი მოგონებებიც აკავშირებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ხომ ჰამბურგში ზედიზედ ორჯერ – 2018 და 2019 წლებში იჩემპიონა, როდესაც ფინალში შესაბამისად ლეონარდო მაიერი და ანდრეი რუბლევი დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ ორგანიზატორებმა ის ტურნირზე მე-3 ნომრად განთესეს, ხოლო უმთავრეს ფავორიტად კი სტეფანოს ციციპასს მიიჩნევენ.
ბასილაშვილის და ციციპასის გარდა, ჰამბურგის კორტებზე ჩოგანს ასევე გაიქნევენ კანადელი ფელიქს ოჟე ალიასიმი, ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა, რუსი ასლან კარაცევი, სერბი დუშან ლაიოვიჩი და სხვები.








