კახა ცხადაძემ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ ისაუბრა
” ამ თამაშამდე გაძლიერება ვერ მოვასწარით. ყველას სურდა, რომ რამდენიმე პოზიცია გაგვეძლიერებინა, თუმცა ეს პრობლემები კომპლექსურია, ეს საქართველოა და ბევრი კომპლექსური პრობლემაა. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ფეხბურთელი, რომელიც გაგვაძლიერებს. ჩემთვის ძალიან მიუღებელია, რომ ტრანსფერი გავაკეთოთ და ეს მოთამაშე არ გამოგვადგეს.
ერთი უცხოელი შემტევის დამატება მსურდა, პირობებზე თანახმა იყო, თუმცა მან უფრო მაღალ ხელფასზე თამაში გადაწყვიტა. ასევე, ერთმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
ჩვენ მოვედით გუნდში, ვიცოდით, რომ გიორგი ნემსაძის ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მოვედით, რომ ”დინამოს” დავხმარებოდით. პრეტენზიებს ყოველთვის ადეკვატურად ვიღებ, მაგრამ ფაქტობრივად ვარჯიშის საშუალება არ გვქონდა. პრობლემები ბევრი იყო, მაგრამ დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე მინიმუმ მარცხს არ ვიმსახურებდით. თუ გადავწყვიტავთ, რომ ჩვენ ბოლომდე გავყვეთ და დავეხმაროთ კლუბს, მაშინ რაღაცები უნდა შეიცვალოს.
უნდა დამთავრდეს საქართველოში, რომ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, მაგრამ დღეს ასე გამოვიდა.
რაც გუნდში ვარ, ამდენი საგოლე მომენტი ჯერ არ შეგვიქმნია.
გულშემატკივრებს ბოდიშს მოვუხდი თუ მათ გული დავწყვიტე. ”ნეფთჩი” სერიოზული გუნდია, ”ყარაბაღი” დაამარცხა, სამირ აბასოვის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.
გამოცდილ ფეხბურთელს მეტი ოსტატობა აქვს. შესაძლოა, ბევრ ფეხბურთელს საერთაშორისო გამოცდილება აკლდა.
”ნეფთჩის” შემადგენლობაში ბევრი უცხოელი მოთამაშეა, თუმცა გუნდის ლიდერები და მთავარი ფიგურები ადგილობრივი მოთამაშეები არიან”.
შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში შედგება.





