ევრო 2020-ის მთავარ ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 1/8 ფინალში დაასრულა. შვეიცარიასთან დრამატულ შეხვედრაში, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 3:3 დასრულდა, დიდიე დეშამის გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა. გადამწყვეტი დარტყმა კილიან მბაპემ შეასრულა, რომელსაც იან ზომერმა აუღო და შედეგად, საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
მატჩის შემდეგ ფრანგმა თავდამსხმელმა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:
„ძალიან ძნელია ამ გვერდის გადაფურცვლა. დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ და გავარდნით გამოწვეული მწუხარება უსაზღვროა. ამ პენალტის გამო ბოდიშს ვიხდი. მსურდა გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ ჩავფლავდი.
ძნელი იქნება დაძინება. სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობაში არის გამარჯვებაც და დამარცხებაც. ფეხბურთი სწორედ ამის გამო მიყვარს. ვიცი, რომ ფანები იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ მსურს, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გჯეროდათ ჩვენი.
მთავარია, უახლოესი გამოცდებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გახდე. შვეიცარიას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ”, – აქვეყნებს ფეხბურთელის სიტყვებს ფრანგული მედია.





