საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა მოსახლეობას საერთაშორისო ოლიმპიური დღე მიულოცა.
ხაბელოვმა ასევე განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. მისალოცი წერილი ოლიმპიური კომიტეტის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
„მაქვს პატივი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით საერთაშორისო ოლიმპიური დღე მივულოცო ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართულ თითოეულ ადამიანს – სპორტსმენებს, სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებს, მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, მედიკოსებს, სპორტულ ჟურნალისტებს, მოხალისეებს, ყველას, ვინც სოლიდარულია ოლიმპიური ფასეულობებისა და თავისი წვლილი შეაქვს მნიშვნელოვან საერთო საქმეში.
გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ფართოდ აღნიშნავს ოლიმპიურ დღეს – თბილისში და რეგიონებშიც გაიმართება ოლიმპიური გარბენი და არაერთი სხვა საინტერესო და მასობრივი ღონისძიება, სეოკ-ის ოფისში კი საზეიმო მიღებაზე ვიწვევთ ოლიმპიურ ლიცენზიანტებს, იუბილარ ოლიმპიელებს, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს.
ნიშანდობლივია, რომ ზუსტად ერთი თვე რჩება ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე. 23 ივლისს ტოკიოს განახლებულ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება თამაშების გახსნის ცერემონია და აინთება ოლიმპიური ცეცხლი, როგორც სიმბოლური ნიშანი იმისა, რომ მრავალსაუკუნოვანი ოლიმპიური ისტორია გრძელდება და ამ პროცესს წინ ვერაფერი აღუდგება.
ერთ კვირაში დასრულდება სალიცენზიო ტურნირები, შესაბამისად – საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ფორმირების პროცესი. ჩვენ ბრძოლისუნარიანი გუნდით წარვსდგებით ამ ოლიმპიურ თამაშებზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ ტოკიოდან კარგი შედეგებით დავბრუნდებით.
ლერი ხაბელოვი,
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.“ – წერია განცხადებაში.
ქართული დელეგაცია ოლიმპიურ თამაშებზე 22-კაციანი შემადგენლობით წარდგება:
- ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა),
- გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)
- ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)
- გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ)
- რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ)
- ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ)
- იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ)
- ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ)
- ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ)
- გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ)
- სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი)
- გოგიტა არქანია (კარატე)
- შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ,61 კგ)
- გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ)
- ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ)
- ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა , +109 კგ)
- ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ)
- გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.)
- სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.)
- ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი)
- მარიამ იმნაძე (ცურვა)
- დავით აბესაძე (ცურვა).
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან, 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.





