საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და მაღალი მიღწევების მენეჯერი, ბაჩო ხურციძე ქართულ ტელესივრცეში გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება, რომელიც ლიეტუვის 7-კაცა ნაკრების მიმართ გამოჩენილ გულგრილობას გულისხმობს.
ამის შესახებ ბაჩო ხურციძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „სპორტის საათში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„პოლიტიკურად ანგაჟირებული სიუჟეტი იყო და ის არხი, რომელმაც გააშუქა შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძირითადად დაკავებულია ქართული რაგბის დისკრედიტაციით. ლიეტუვის ნაკრები ჩამოვიდა ყოველგვარი ოფიციალური მოწვევის გარეშე. ჩამოვიდნენ, გამოგვეცხადნენ და თქვეს, რომ თუ შეიძლება თამაშები გაგვიმართეთო. რა თქმა უნდა ჩვენ, როგორც კარგმა მასპინძლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ ჰქონდათ ჩვენთვის მომართული, „დავფაცურდით“ და ჩვენს 7-კაცა ნაკრებთან სპარინგი შევთავაზეთ. ასევე, შევთავაზეთ მარტყოფის ბაზაზე დაბინავება და ჩვენს ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრების გავლა, რაც მათ არ ისურვეს და ერთ-ერთ უბანში რაღაც სასტუმროში შევიდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი 7-კაცა ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს აღმოაჩნდა COVID 19 და ბუნებრივია ამ ვითარებაში ვეღარ ვეთამაშებოდით. ამის გამო მოვუძებნეთ ალტერნატიული ვარიანტი, შიდა ჩემპიონატის გუნდებთან შევთავაზეთ თამაში და მოედანიც უსასყიდლოდ გადავეცით. როგორც ჩანს მათ ვერ დააფასეს ჩვენი კეთილი ნება ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სხვა არხებმაც ეს აჟიოტაჟის შესაქმნელად გამოიყენეს და ქართულ რაგბის ტალახი კიდევ ერთხელ ესროლეს.
ჩვენ ლიეტუვის რაგბის კავშირს და საელჩოსაც ოფიციალური წერილით მივმართეთ და ახსნა-განმარტებას ვითხოვთ. აუცილებლად მივმართავთ რაგბი ევროპასაც, იმიტომ რომ ისინი როგორც მოიქცნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავხედობა, სხვას ვერაფერს დავარქმევ“, – განაცხადა ბაჩო ხურციძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ რაგბის კავშირის მოწვევით, ამხანაგური შეხვედრისთვის ჩამოსულ ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებს აეროპორტში ქართული მხარე არ დახვდა და ასევე, საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან დაგეგმილი შეხვედრებიც არ ჩატარდა.







