მეტად წარუმატებელი და ამავდროულად უიღბლო გამოდგა აწ უკვე დასრულებული ნაცუ ბაშო ლევან გორგაძისთვის. არახალი ამბავია, რომ ქართველ სუმოისტს ძველი ტრავმა თავს ხშირად ახსენებს და ასე იყო ამჯერადაც.
ტოჩინოშინმა მუხლის ტკივილის გამო ნაცუ ბაშოზე დამაჯერებლად ვერ იასპარეზა და ტურნირიც უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი მე-15 მაეგაშირა კაისეი იყო. ტოჩინოშინი მას აქამდე 21-ჯერ შეხვედროდა და 13 გამარჯვება მოეპოვებინა. ამჯერად კი მარცხი განიცადა და ნაცუ ბაშოც წაგებით დაასრულა.
საბოლოო ჯამში ლევან გორგაძემ ტურნირზე 10 მარცხი და 5 მოგება დააფიქსირა.





