მეტად უიღბლო და წარუმატებელი გამოდგა ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშო ლევან გორგაძისთვის. ქართველმა სუმოისტმა მორიგი მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფითი ბალანსი უკვე გარანტირებულია და ამით აღნიშნულ ბაშოზე მისთვის ყველაფერი დასრულებულია.
ტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეტოქე მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა იყო, რომელთანაც უვატედეშინაგეს ილეთით დამარცხდა. ორთაბრძოლა თითქოს ტოჩინოშინის უპირატესობით დაიწყო, მან მავაშის აღებაც შეძლო, თუმცა ბოლოს მაინც დოჰიოზე დაეცა და დასანანად წააგო.
ნიშანდობლივია, რომ ლევან გორგაძეს მეტოქე აქამდე 3-ჯერ ჰყავდა დამარცხებული. კირიბაიამა მიმდინარე ბაშოზე მძავრად ვერ გამოიყურება და უარყოფითი ბალანსი უკვე გაფორმებულიც ჰქონდა, დღეს კი პრესტიჟის გამარჯვება მოიპოვა.
ამრიგად, ტოჩინოშინს საკმაოდ სუსტ მეტოქესთან დამარცხების შემდეგ უარყოფითი ბალანსი გაუფორმდა. ქართველი სუმოისტი მომდევნო ტურნირისთვის რანგით კვლავ დაქვეითდება.
ტურნირის მე-13 დღეს გორგაძე მე-5 მაეგაშირა ჰოშორიუს დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე დოჰიოზე არასდროს წარმსდგარა.





