ჟენევის და ლიონის საჩოგბურთო ტურნირები უკვე გახურდა, სადაც როგორც აქამდეც არაერთხელ ავღნიშნეთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი არ მონაწილეობს.
როლან გაროსამდე, რომელიც სტარტს 30 მაისს აიღებს, ქართველი ჩოგბურთელი კიდევ ერთ ტურნირზე მოსინჯავს ძალებს, რომელიც მომავალ უქმეებზე ბელგრადში დაიწყება.
წინასწარი მონაცემებით, სერბეთის დედაქალაქში თამაშს გეგმავს ნოვაკ ჯოკოვიჩი, თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბოლოს გადაიფიქროს.
რაც შეეხება ბასილაშვილს, ის ტურნირზე უკვე დარეგისტრირდა და ორგანიზატორებმაც მესამე განთესვა მიანიჭეს. ჯოკოვიჩის და ბასილაშვილის გარდა ასევე ცნობილია, რომ ბელგრადში თამაშზე წინასწარი თანხმობა განაცხადეს დუშან ლაიოვიჩმა, გაელ მონფისმა, ლასლო ჯერემ, ადრიან მანარინომ, მიომირ კეჩმანოვიჩმა და ფილიპ კრაიანოვიჩმა.
ბელგრადის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 511 ათასი ევროა და 250-იან კატეგორიას განეკუთვნება 22 მაისს დაიწყება.







