ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. 11 ივნისს, რომში უკვე გახსნითი მატჩია, ხოლო 11 ივლისს ლონდონი ფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილიყო ეს ინფორმაცია გულშემატკივარს ალბათ დიდად არ გაანაწყენებდა, მაგრამ ნიდერლანდელი ქომაგებისთვის მართლაც რომ მტკივნეული ამბავია. ვირჯილ ვან დეიკი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
„ლივერპულის“ 29 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ოქტომბრის თვეში, პრემიერლიგაში „ევერტონთან“ მატჩის დროს მიიღო და მას შემდეგ მკურნალობს.
როგორც ჩანს, ვან დეიკი სიფრთხილეს იჩენს და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება გადაწყვიტა.
„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რადგან ასეთ დიდ ფორუმზე ჩემს ქვეყანას ვერ წარვადგენ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ტრავმის შემდეგ რთული და გრძელი გზა გავიარე. რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ბოლომდე მომჯობინებული არ ვარ. ამიტომაც, მივიღე გადაწყვეტილება არ გავრისკო და ევროპის ჩემპიონატი გამოვტოვო“ – ციტირებს ვირჯილ ვან დეიკს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფში ავსტრიასთან, უკრაინასთან და ჩრდ. მაკედონიასთან ითამაშებს, ხოლო ამსტერდამი ევრო 2020-ის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია.







