მას შემდეგ, რაც „ატლეტიკოს“ დიეგო სიმეონე წვრთნის, ფეხბურთის გულშემატკივრებს ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ვეღარ წარმოუდგენიათ. ეგ კი არა, რამდენიმე წლის წინ სულაც თასის მოგებასთან იყვნენ ერთი ხელის გაწვდენაზე და სანუკვარ მიზნამდე რაღაც წამები დააკლდათ. მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ბოლო წამები და სეხიო რამოსის გოლი „ატლეტიკოს“ ქომაგებს ალბათ მწარედ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.
დიეგო სიმეონე და კომპანია პლეიოფშია. ლუის სუარესის გარეშე დარჩენილმა „ატლეტიკომ“ ეს მაინც მოახერხა. მადრიდელებმა ბოლო ტურში „ზალცბურგს“ მათსავე მოედანზე 2:0 აჯობეს და დიდადაც გაიხარეს.
„რატომღაც, რამდენიმე გრანდის წარმომადგენელს მიაჩნიათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვა და პლეიოფში გასვლა დიდს არაფერს წარმოადგენს. მე ეს მიდგომა ყოველთვის მაოცებდა. როგორ შეიძლება, ასეთი ტურნირის საუკეთესო 16 გუნდში გასვლა არაფერს ნიშნავდეს?
ერთი წუთითაც არ ვუშვებდით, რომ ზალცბურგში მოგება გაგვიადვილდებოდა. ვიცოდით, რომ ურთულესი 90 წუთის გადატანა მოგვიხდებოდა და მხოლოდ ბოლომდე ბრძოლით თუ შევძლებდით საჭირო შედეგის მიღწევას. „ზალცბურგი“ კარგი გუნდია. მათ წინა სეზონშიც და ახლაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი შემოგვთავაზეს. ავსტრიულ გუნდს გრანდების გამწარება ეხერხება.
დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო. ის, რაც ვერ შევძელით „ლოკომოტივთან“ და „ბაიერნთან“ დღეს გამოგვივიდა. ხანდახან, ფეხბურთმა იცის ვალის დაბრუნება“ – თქვა დიეგო სიმეონემ.





