მონტე-კარლოს და მადრიდის მასტერსების მსგავსად, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის რომის ანალოგიური ტურნირიც ნაადრევად დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელი, სასტარტო მატჩში მსოფლიოს რეიტინგის მე-9 ნომერთან და მასპინძელ მატეო ბერეტინისთან დამარცხდა.
წყვილის ფავორიტად იმთავითვე იტალიელი მეჩოგნე მიიჩნეოდა, რადგან ბერეტინი განსაკუთრებით ძლიერი სწორედ გრუნტის საფარზეა და აკი რამდენიმე დღის წინ მადრიდის მასტერსის ფინალშიც გააღწია, სადაც ალექსანდრე ზვერევთან წააგო.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილმა ბერეტინი საკმაოზე მეტად ანერვიულა და ოდნავ რომ გამართლებოდა, პატარა სენსაციაც გამოცხვებოდა.
პირველ სეტში ჩვენებური მეჩოგნე იდეალურად მოქმედებდა და კორტზე დომინირებდა. ძლიერი და ზუსტი დარტყმებით ბერეტინის ხშირად სახტად ტოვებდა და პარტიაც დამსახურებულად 6:4 მოიგო.
მეორე სეტში კი მატეო ბერეტინი გამოცოცხლდა, ნიკასაც ოდნავ დაღლა დაეტყო და იტალიელმაც 6:2 იმარჯვა.
მესამე გადამწყვეტი სეტი კი მართლაც უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ბასილაშვილს რამდენჯერმე ჰქონდა შანსი მეტოქის მოწოდება აეღო, თუმცა სამი ბრეიქპოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი უკვე მოწოდება თავად დათმო და დასანანი მარცხიც იწვნია – 4:6.
წინ როლან გაროსის მეიჯორია, სადაც იმედია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაცილებით უკეთესად იასპარეზებს, ვიდრე ეს გრუნტის მასტერსებზე შეძლო.





