ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ მიუნხენში 250-იანი კატეგორიის ტურნირის გამარჯვებული გახდა ჯერ კიდევ ცხელი ამბავია. ჩვენებურმა მეჩოგნემ კარიერაში ATP-ის მეხუთე ტიტული მოიგო და 250 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ამ პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე კახა კუჭავა:
„ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს სახელით! ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი მიუნხენის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ვულოცავ ნიკოლოზს ამ გამარჯვებას და გილოცავთ ყველას!” – წერს კახა კუჭავა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენიდან მადრიდში გადაინაცვლებს და ესპანეთის დედაქალაქში დაწყებულ მასტერსში ჩაერთვება.





