ევროპის სუპერლიგა დაპაუზდა, თუმცა როდემდე ჯერ უცნობია. პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი ფლორენტინო პერესი მომხდარით ნირწამხდარი და იმედგაცრუებული კი არის, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს.
მადრიდის „რეალის“ და სუპერლიგის პრეზიდენტის თქმით, გუნდები ასე მარტივად ხელს ვერ დაიბანენ. მათ ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომლის უგულებელყოფაც არ შეუძლიათ.
„დარწმუნებული ვარ, იმ გუნდებმა, რომლებმაც სუპერლიგა ვითომ დატოვეს ეს გადაწყვეტილება ზეწოლის გამო მიიღეს. მათ არ სურდათ ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო მოუხდათ.
მინდა ხასგასმით ავღნიშნო, რომ ყველა გუნდს ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, მათ ვალდებულებები აკისრიათ. აქედან გამომდინარე არცერთ გუნდს პროექტი არ დაუტოვებია, რადგან ეს არ შეუძლით.
მოკლედ, სუპერლიგა ჯერ კიდევ არსებობს და 12-ვე გუნდი მისი წევრები არიან. ჩვენ მათ კიდევ რამდენიმე კვირა მივეცით მოსაფიქრებლად და სწორი ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ არ და ვერ შევეგუებით ძალადობას. ვიღაც-ვიღაცეებს ძალაუფლების დაკარგვა არ სურს და თავიანთი პრივილეგიებით მანიპულირებდნენ, რათა ჩვენი პროექტისთვის ხელი შეეშალათ.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილებას, რომელიც ძალაში 2024 წელს შედის, ეს რეალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ჩვენ ვერ დავიცდით მაქამდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა გუნდი გაკოტრდება“ – აღნიშნავს ფლორენტინო პერესი.





