მოახლოვდა ზაფხული და სატრანსფერო ციებ-ცხელება. რა თქმა უნდა, მიდი-მოდი მხოლოდ ფეხბურთელებისთვის არ იქნება და საინტერესო წასვლა-დანიშვნები მწვრთნელებსაც შეეხებათ.
უცხოური და განსაკუთრებით ესპანური მედია უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად წერს, რომ სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანი „რეალის“ თავკაცი აღარ იქნება. იმასაც ამბობენ, ზიზუ უკვე ფეხბურთელებსაც ესაუბრა, წასვლის შესახებ ამცნო და მათ მადლობა გადაუხადაო.
სამეფო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმთავრეს კანდიდატებად კი რაულს და მასიმილიანო ალეგრის მიიჩნევენ. უფრო მეტიც – გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს მალე „რეალის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაც აქვს დანიშნული. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ალეგრი და პერესი ერთმანეთს ამინდზე სასაუბროდ არ შეხვდებიან.
მასიმილიანო ალეგრის ასევე უკავშირებენ „იუვენტუსსაც“. ამის შესახებ იტალიური მედიაც ჯიქურ იუწყება და ამბობს, რომ ტურინულ გრანდს ძველი მწვრთნელის დაბრუნება სურსო. ალეგრის რამდენიმე პრემიერლიგური გუნდიც ეპატიჟება.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თავად მასიმილიანო ალეგრის მთავარი პრიორიტეტი კი მხოლოდ „რეალია“ და სამეფო გუნდზეა ორიენტირებული.





