საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ოქროს მედლის გარეშე ასრულებს.
ქართული დელეგაციისთვის უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვების შანსი დღეს 86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილს ჰქონდა, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოჭიდავე რუს არტურ ნაიფონოვთან დამარცხდა.
სანდრომ მეტოქესთან შეხვედრა უშანსოდ დათმო. პირველ პერიოდში რუსმა მოჭიდავემ 4:0 მოიგო. მეორე პერიოდშიც ნაიფონოვმა მსგავსი ანგარიში დააფიქსირა და საბოლოოდ 8:0 გაიმარჯვა. შედეგად, სანდრო ამინაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საერთო ჯამში ევროპირველობაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალია. თავისუფლებიდან ბოლო შეხვედრას გენო პეტრიაშვილი გამართავს. რამდენიმე წუთში ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.





