ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს მასტერსი ისე დასრულდა, სასტარტო მატჩის ჩამთავრებაც ვერ შეძლო. ქართველ ჩოგბურთელს ჯერ კიდევ კალიარის ტურნირზეც ეტყობოდა, რომ ფეხის მცირე ტრავმა აწუხებდა, რომელიც როგორც ჩანს ისე გაუმიზეზდა, რომ ფილიპ კრაიანოვიჩთან დაპირისპირებაში სერიოზულად იჩინა თავი.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი სეტი სულ რაღაც 22 წუთში 1:6 წააგო. ტრავმა რომ ხელს უშლიდა და კორტზე გადაადგილება უჭირდა ერთი შეხედვითაც ნათელი იყო. ბასილაშილმა სამედიცინო ტაიმაუტიც მოითხოვა, თუმცა ამან ქართველ მეჩოგნეს მაინც ვერ უშველა.
მეორე პარტიის სტარტზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო სერბი ჩოგბურთელის სასარგებლოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩი შეწყვიტა, რაც ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ გამარჯვებულად ფილიპ კრაიანოვიჩი გამოცხადდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრავმა ძალზედ სერიოზული არ აღმოჩნდება და მალე მოახერხებს მწყობრში ჩადგომას. წინ არაერთი საგრუნტო მასტერსი და როლან გაროსის მეიჯორია.





