გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია ეროვნული ნაკრებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ის ვიცე-კაპიტანია და მოედანზე მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ბუნებრივია, გულშემატკივრებისთვის საინტერესო უნდა იყოს თუ რას ფიქრობს ის ჯვაროსნების ახალ დამრიგებელზე ვილი სანიოლიზე.
გურამ კაშია საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო და ნაკრების ფრანგ მწვრთნელზე თავისი შეხედულება გამოთქვა.
„ვილი სანიოლი? ძალიან გულწრფელი და ღია ადამიანია. მან მოკლე დროში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. ძალიან დიდ სამსახურს უწევს ზურაბ ხიზანიშვილი. ვფიქრობ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელების სწორი სელექცია განახორციელა.
სანიოლს დისციპლინა უყვარს და კონკრეტულ დავალებებს იძლევა. ზაფხულის შეკრებაზე მის ფილოსოფიას უკეთ გავიცნობთ. ივნისის თვეში ორი კარგი სპარინგი გველის, განსაკუთრებით ნიდერლანდების ნაკრებთან.
ვილი სანიოლი აქ ცხოვრებას აპირებს და ეს მისასალმებელი ფაქტია. კუპერის შემდეგ არცერთ უცხოელ მწვრთნელს თბილისში სისტემატიურად არ უცხოვრია.
ახალი მწვრთნელი ეროვნულ ლიგას დიდ ყურადღებას უთმობს და ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა.
მინდა ავღნიშნო, რომ ვილი სანიოლი ძალიან კარგი მოტივატორია და ზოგადად პოზიტიური ადამიანია. ზედმეტ დაძაბულობას და წნეხს გვიხსნის. როდესაც მოკლე დროში 3 მნიშვნელოვანი თამაში გაქვს, სწრაფად უნდა დაივიწყო წაგება და გადაერთო მომავალ მატჩზე.
უბურთოდ ყოფნის დროს გვთხოვს, რომ მეტად აგრესიულები ვიყოთ. ამას მოითხოვს თანამედროვე ფეხბურთიც. სწრაფ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება უყვარს. ფლანგებზე სისწრაფე კონკტრშეტევების დროს ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნავს გამოცდილი ქართველი მცველი.






