რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში, ყაზანის „რუბინმა“ საკუთარ არენაზე „სოჭს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 იმარჯვა. ის ერთადერთი გოლიც და თან არანორმალური სილამაზის, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ამ გამარჯვებით, „რუბინი“ 40 ქულით მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად კარგი შანსი გაუჩნდა.
მატჩის შემდეგ რა თქმა უნდა გახარებული იყო ყაზანური გუნდის დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი. რუსმა მწვრთნელმა გუნდისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორსაც გაუსვა ხაზი, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ „რუბინი“ მხოლოდ მასზე არ არის ჩამოკიდებული.
„მუსირებს მოსაზრება, რომ ჩვენი გუნდი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზეა დამოკიდებული. ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები. ხვიჩას გარდა რუბინში თამაშობენ მაკაროვი და დესპოტოვიჩი. მათ გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ, რადგან ჯამში უკვე 17 გოლი გაიტანეს.
გუნდში ყველა ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა როდესაც კვარაცხელია არ თამაშობს ამბობენ, რომ „რუბინი“ მასზეა დამოკიდებული“ – აღნიშნავს ლეონიდ სლუცკი.






