ინდიანურმა გამოცემა 8points9seconds-მა ძალიან საინტერესო სტატია, სახელწოდებით „გოგა ბითაძის მოულოდნელი მნიშვნელობა“ გამოაქვეყნა.
გოგამ ბოლო ორ თამაშში თავი კარგად წარმოაჩინა, რამაც ინდიანაპოლისელი გულშემატკივარი ოპტიმისტურად განაწყო და მის როტაციაში გამოყენებას ითხოვენ.
ინდიანა პეისერსის უკანასკნელ ორ შეხვედრაში ნეიტ ბიორკგრენმა გადაწყვიტა ბითაძისთვის ეჩვენებინა, რომ ისიც როტაციის მოთამაშეა და გოგამ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. შარლოტთანა და ტორონტოსთან მატჩებში მისი საშუალო მონაგარი 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება იყო.
ცხადია, ეს არაა ვარსკვლავური მაჩვენებლები, რომლებსაც შესაძლოა, ქართველი ცენტრისგან დრაფტზე არჩევის დროს ელოდნენ, თუმცა, მას ნამდვილად აქვს დრო იქამდე მივიდეს და საერთოდაც, ამ ეტაპისთვის, ეს მისგან საჭიროც არაა. სტატისტიკა ყოველთვის არ მეტყველებს იმაზე, როგორი სარგებლიანია კალათბურთელი. უბრალოდ, ბითაძის თამაშზე დაკვირვებაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ ის უკეთ გამოიყურება. გაცილებით უკეთ, ვიდრე გასულ სეზონში ანაც თუნდაც წლეულს კლიპერსთან შეხვედრაში, როდესაც ის ფორმალობად ქცეულ წუთებში ათამაშეს.
არ ვიცით, ასეთი უეცარი შემობრუნება როგორ მოხდა, თუმცა, ის აღარ მოსჩანს მოედანზე დაკარგულ მოთამაშედ, თუკი არ ჩავთვლით დაცვაში დაშვებულ რამდენიმე შეცდომას, ეს კი NBA-ში ნებისმიერს შეიძლება შეემთხვას, რომ არაფერი ვთქვათ ლიგის მეორეწლიან კალათბურთელზე.
ბითაძეს ნამდვილად შეუძლია ინდიანასთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. მითუმეტეს, რომ პეისერსისთვის წამყვანი კალათბურთელების დაშავება უცხო ნამდვილად არაა და მაილს ტერნერსა და დომანტას საბონისს სხვადასხვა სახის ტრავმები უკვე ჰქონდათ. თუკი გოგამ სათანადო დონეზე ითამაშა, ეს, ინდიანასთვის ნამდვილად დიდი ბონუსი იქნება. ნეიტ ბიორკგრენის კრიტიკოსებისთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ხომ ისაა, რომ ის გუნდის ლიდერებს ძალიან ტვირთავს: მაგალითად, საბონისი და მალკოლმ ბროგდონი საშუალოდ 38 წუთამდე თამაშობენ.
ბითაძის როტაციაში დამატება სერიოზულად შეუმსუბუქებს მდგომარეობას საბონისს, რათა მან მორიგი ტრავმა არ მიიღოს ან როგორც მინიმუმ, სეზონის გადამწყვეტ პერიოდს გადაღლილი არ შეხვდეს. გოგას ნამდვილად შეუძლია შეასრულოს სტაბილური სათადარიგოს როლი, აიღოს გარკვეული რაოდენობის ქულები, იბრძოლოს მოხსნებზე, განახორციელოს დაფარებები და გამოიყენოს თავისი დიდი სხეული ბლოკების დასაყენებლად. ცხადია, ბითაძის ბოლო 2 მატჩი საბოლოო დასკვნების გამოსატანად საკმარისი არაა და არც ამ ამბის გადაფასებაა მართებული, თუმცა, ბითაძის მომავლისთვის ეს კარგი ნიშანი იყო.








